თეგი: დევიდ კრამერი

დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან: განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს, საქართველო იყოს ერთიანი

„განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს, საქართველო იყოს ერთიანი“, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო  ხაზთან განაცხადა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რათა გავიხსენოთ თუ რა გამოიარა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე. ეს ჩვენთვის არის გაკვეთილი, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამიტომაა ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტის აქ დაწყება ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, თუ რას გადიხართ ყოველდღიურად, ეს ასევე ასახავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს საქართველო იყოს ერთიანი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა დევიდ კრამერმა „რუსთავი 2-ის“ ცნობით.  

კრამერი: ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი ნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო

„ვიმედოვნებ, ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ამ მიმართულებით ქვეყანა სწორ ადგილასაა. „ვფიქრობ, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშეა, სერიოზულია, თუმცა გამოწვევებს შორის არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, ქვეყანა სწორ ადგილასაა, ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას მთავრობამ. ვიმედოვნებ, ისინი ამ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს აქ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა დევიდ კრამერმა. კრამერის შეფასებით, ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია და სხვა საკითხებთან ერთად, დეოლიგარქიზაციის საკითხის მოგვარებით შესაძლებელია, ვიხილოთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება. „დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელივანი, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვები. ამ მხრივ პრობლემების შესახებ ჩემი შეხედულებები წარსულში გამომითქვამს. ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს სერიოზულად და ვიმედოვნებ, რომ თუ ის მოგვარდება სხვა საკითხებთან ერთად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, ვიხილოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

კრამერი: სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს „რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაადანაშაულოს აშშ და ევროპა. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაებას. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და მას არ სჭირდება კიდევ ერთი. ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობა, რომელსაც ქათველი ხალხი გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენ ვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი. აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს საქართვრლოს ომში ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას“ მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.  

კელი დეგნანი: არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში

 არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე, აინტერესებს მისი წარმატება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე ჰკითხეს. კერძოდ, ამერიკელ დიპლომატს ჰკითხეს დევიდ კრამერის იმ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ“. ელჩის თქმით, დევიდ კრემერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში. „ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“,  - განუცხადა აშშ-ის ელჩმა მედიას.  

კრამერი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე: მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული

„ესაა მკაფიო სიგნალი მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები კი, ვინც დღეს აქ ნახსენები არაა, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - ამბობს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ამერიკის დიპლომატიური უწყების 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე. „ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - მიიჩნევს კრამერი და იქვე განმარტავს, რომ ხალხს უნდა ესმოდეს: ეს არაა ქვეყნის, ან ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. „ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს“, - ამბობს დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკაში შესვლა აეკრძალა ოთხ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ლევან მურუსიძე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, უვადოდ დანიშნული მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის - ჩინჩალაძის - მოადგილე, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი - ირაკლი შენგელია. ყოფილი მოსამართლე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი - ვალერიან ცერცვაძე.

კრამერი 2024 წლის არჩევნებზე: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძლიერი ძალისხმევა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში. კრამერი თბილისში ესწრება საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!" „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, ასე რომ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც არჩევნების დღე. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან დიდი ყურადღების შედეგად ჩვენ ვნახავთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რთული ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, 2011-ში და 2012-ში ჩვენ ვნახეთ ერთი პარტიის მიერ მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა. მას შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. არჩევნების შემდეგ ვნახავთ, დარჩებიან თუ არა ისინი ხელისუფლებაში. ეს დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე", - აღნიშნა კრამერმა. კრამერის თქმით, საქართველოში ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. „არ მინდა არჩევნების წინასწარ, მის ჩატარებამდე განსჯა, მაგრამ ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - განაცხადა დევიდ კრამერმა.  

კრამერი „უცხოური აგენტების კანონპროექტზე“: ეს არის სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის კონკრეტულად კი - ამერიკისთვის

ევროკავშირი, არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის მსგავსად, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს უკვე გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, არ გამოიყენოს „გამჭვირვალობა“ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შესაზღუდად. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯები ბლოკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი „უცხოური აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ "ეს არის სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის" კონკრეტულად კი - ამერიკისთვის. „განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული", ამბობს დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან.“ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ერთხმად ამბობენ, რომ ეს („უცხოური აგენტების კანონპროექტი, რედ.) არაა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.